Wednesday, June 17, 2015

თავი I (გუგა)

ნაცნობი კაკუნი.
-არ გაახურეს...მაინც და მაინც შუა ღამისას რომ უნდებათ კაცის კვლა და ყაჩაღობები...
წაიბურტყუნა რა გუგამ, წამოდგა, ნაჩქარევად წამოდგომას ჩვეულმა ჩოხა უცებ ჩაიცვა, ჯოხს დაეყრდნო და კარი გააღო.
ლიმარს არაფერი უთქვამსთავით აჩვენა, მომყევიო. გუგამაც არ დააყოვნა.
-დილის ოთხი საათი იქნება, თან ჩქარი ნაბიჯით მივდივართ. ჩემი ფეხი რომ არა, ალბათ გავიქცეოდით კიდევაც. მკვლელობა, არა?
გუგა ლიმარს თითქმის დაბადებიდან იცნობდა და იცოდა რომ ახლა მას თავისებურად, მშრალად უნდა ჩაეცინა, თითქოსდა უბრალოდ ვარჯიშობდა რომ ერთხელაც ჭეშმარიტად გასცინებოდა, მაგრამ ლიმარის გამომეტყველება ოდნავადაც არ შეცვლილა.
-თითქმისმკვლელობა რომაა, მართალი ხარ... მაგრამ ეგ არაა მთავარი... წამებასთან გვაქვს საქმე. თან თავადის წამებასთან. ჯობია შენით ნახო.
დარჩენილი გზა არც ერთს ხმა არ ამოუღია. ადგილზე მალე მივიდნენ. წითელჩოხიანი მანდატურები დანაშაულის ადგილის გარშემო მოძრაობდნენ, ცნობისმოყვარე ხალხის შესაკავებლად. გუგას ნახევარი ქალაქი იცნობდა - ზუაში ბევრი კოჭლი გამომძიებელი არ იყო. მანდატურებმაც შორიდანვე შენიშნეს იგი.
-გამომძიებელო, - მიესალმა მანდატურთუხუცესი გრონი. გუგამაც ოდნაც დაუკრა თავი.
-რისთვის გამაღვიძეთ აბა, - ოდნავი ღიმილით თქვა გუგამ.
-სახუმარო საქმე არაა, გუგა, ამ სახლში ნაწამები თავადი იპოვეს. - აღელვების დამალვას არ ცდილობდა გრონი.
-დაწვრილებით, გრონ, დაწვრილებით.
-ჰო, ჰო. ასე 1 საათის წინ 2 მანდატური შემოვლისას ამ ქუჩაზე ჩადიოდა და ყვირილი გაიგეს, დაგვეხმარეთო, ამ სახლიდან. სახლში შესულებმა თავიდან ვერავინ იპოვეს, მაგრამ მერე სისხლის გუბე შეამჩნიეს კართან. დანარჩენი ალბათ ჯობია შენით იხილო.
სახლის ხის იყო, ორსართულიანი, საკმაოდ დიდი. შესასვლელი კარის პირდაპირ კიბე იყო, მარცხნივ - კარი, მის ქვეშ - სისხლის გამხმარი გუბე. გუგამ კარი გააღო და სარდაფში ჩამავალ კიბეს ჩაუყვა. არც ლიმარი  და გრონი ჩამორჩნენ.
მაგიდა, ჭრაქი, სკამი, და გვამი. უფრო სწორად, ის რაც გვამისგან იყო დარჩენილი. გამომძიებლებსა და მანდატურთუხუცესს 3 კოდიანი შიშველი სხეული უყურებდა. უყურებდა რა, არც სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და არც თვალები, რომ ეყურებინა. მკვლელებს ყურებიც, ენაც და კბილებიც მოუშორებიათ. სხეული კარგად დაუსერავთ და ასე დაუბრძანებიათ ჩაბნელებულ სარდაფში მდგომ სკამზე.
-არადა რა ტკბილად მეძინა... - ჩაიბუტბუტა გუგამ.
-მორჩი ლაზღანდარობას, ჯობია გვითხარი, რას ფიქრობ. - არ აცადა დაწუწუნება ლიმარმა.
-კაი ხო, არსად არ გაიქცევა ეს შენი ლეში. თავადი რომაა, მხოლოდ მისი წონით დაასკვენით?
-არა, ეს ჰქონდა ყელზე ჩამოკიდებული. - გრონმა გუგას ყელსაბამი გაუწოდა.
ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებულ დისკოზე ხახადაფჩენილი ლომი იყო გამოსახული, მარცხნივ იყურებოდა.
-შერვაშელების გერბი, არა? მწიგნობართუხუცესის ნათესავია? - გუგამ ყელსაბამი დაუბრუნა გრონს.
-სავარაუდოდ. იმედი მქონდა, რამე ახალსაც გვეტყოდი.
-ხო, აბა რისთვის ამაგდეთ ამ შუა ღამისას. ესე იგი, ჯერ რაც ცხადია: მკვლელს ან მკვლელებს უნდოდათ რომ ჩვენ ეს სხეული გვენახა. ის, ვინც დაიყვირა გვიშველეო, მკვლელი იყო, ამ საცოდავს ენა, სულ ცოტა, 3-4 დღეა რაც არ აქვს. თან სისხლის გუბე კართან იყო, მინიშნებასავით, სარდაფში ჩაიხედეთო. სარდაფში კი სისხლის წვეთი არაა, არც სხეულის ნაწილები. ერთი სიტყვით, ჩვენი მეგობარი 2 დღის მკვდარი მაინცაა და აქ ახლახანს გადმოათრიეს, რასაც მოწმობს ისიც, რომ მისი სუნი მხოლოდ სარდაფშია, თვითონ სახლში კი არა. ენა რახან ადრევე მოაჭრეს, ესე იგი დაკითხვა არ უნდოდათ. უფრო შურისძიებასთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით. ახლა უნდა გავარკვიოთ, შურისძიება ვის მიერ და რისთვის. სახლი დაძებნეთ?
-არა, გამომძიებელო, თქვენ დაგელოდეთ, როგორც წინაზე გვითხარით. - უპასუხა მანდატურთუხუცესმა.
-ძლივს არ ისწავლეთ ჭკუა. - ცხვირქვეშ ჩაილაპარაკა გუგამ და ჭრაქი აიღო მაგიდიდან.
-ცოტა ხანი მარტო დამტოვეთ.
ჯერ სხეული შეათვალიერა. ბასრი იარაღი. საქმის მცოდნის ხელში. კბილებიც ოსტატურადაა მოშორებული, თუ შეიძლება ამაზე ასე ითქვას. შემდეგ სარდაფის დათვალიერებას შეუდგა, მაგრამ უშედეგოდ. ახალი ვერაფერი იპოვა. პირველ სართულზე გადაინაცვლა. მთლიანად ცარიელი დახვდა. ფანჯრები მხოლოდ წვრილი და გრძელი იყო, კაცი ვერ გაეტეოდა. მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა და დერეფანში აღმოჩნდა. ორივე ბოლოში ფანჯარა ღია იყო. სავარაუდოდ ერთიდან მანდატურებს დაუძახა მკვლელმა, მეორიდან კი გაიქცა. მეორე სართულიდან გადახტომა და გაქცევა კი ყველას არ შეუძლია. არც 3 კოდიანი დასერილი სხეულის უჩუმრად გადაადგილება 500,000 კაციან ქალაქში, თუნდაც შუა ღამისას.
-ჰა, რას იტყვით, გამომძიებელო? - მივარდა სახლიდან ახლადგამოსულ გუგას გრონი.
-ბევრს ვერაფერს. პროფესიონალების ნახელავია. სხეული განყოფილებაში გადაიყვანეთ და მწიგნობართუხუცესს შეატყობინეთ. მეტი არავინ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ. ცოტა ხანი მაინც.
მართალია თანამდებობით მანდატურთუხუცესი ლიმარსა და გუგაზე უფროსი იყო, მაგრამ გამოცდილებამ ასწავლა რომ მნიშვნელოვან საკითხებში ჯობდა გუგასთვის დაეჯერებინა.

** ** **

სახლისკენ მიმავალ გუგას ლიმარი წამოეწია.
-ყველაფერი არ უთხარი, არა?
-მართალი ხარ, მაგრამ არაა საჭირო, ზედმეტმა ხალმა იცოდეს. მწიგნობართუხუცესი თვითონაც მიხვდება, როცა გაიგებს. შეიძლება გრონიც კი მიხვდა თავისით, მაგრამ ჯობია უბრალო მანდატურებს არ გაეგოთ.
-რა არ უნდა გაეგოთ?
გუგა გაჩერდა და ლიმარს თვალებში ჩახედა.
-ეს შურისძიების საქმე არაა, ომის დასაწყისია.
-ომი? განა აქამდე თავადი არ მოუკლავთ?
-ასე არა. არ უწამებიათ და მანდატურებისთვის არ მიუგდიათ, ნახეთ, მკვდარი თავადიო. როგორც ჩანს, მეფეს მტრები თავისი ქვეყნის შიგნითაც ჰყავს, თან ბევრი და გათამამებული, რახან მწიგნობართუხუცესს ნათესავს წამებით უკლავენ.
-მერე ჩვენ რა ვქნათ?
ამ ჯერად გუგას გაეცინა ისე, ლიმარმა რომ იცის ხოლმე.
-მთელი ცხოვრება რასაც ვაკეთებთ. გადავრჩეთ.  - თქვა გუგამ და კოჭლობა გააგრძელა. ლიმარიც თავის გზას გაუყვა.

** ** **

საკუთარი სახლის კართან მისვლა და მზის ამოსვლა ერთი იყო.
კიდევ ერთი ღამე სრულყოფილი ძილის გარეშე. ადგილზე შეტრიალდა. გუგას სახლი შემაღლებულ ადგილას იდგა, შესასვლელი კარი აიავნზე გადიოდა, საიდანაც ქალაქის დიდი ნაწილი ხელის გულივით ჩანდა. მათ შორის მანდატურების განყოფილებაც, სამეფო სასახლე, თუმცა ეგ საიდან არ ჩანს... გუგას საყვარელი დუქანიც, „სამთავა გველეშაპი“.
წასაუზმება არ გვიზამდა ზიანს.
დუქანში შესულს ლიმარი დახვდა. გუგა პირდაპირ მიუჯდა.
-იცოდი რომ მოვიდოდი, არა?
-არა, უბრალოდ მომშივდა. გვახასიათებს ეგ ადამიანებს, გვშივდება.
-კიდევ გვეძინება ხოლმე, მაგრამ მეგობრები გვაღვიძებენ ყოველ მეორე ღამეს, ხან მკვლელობაა, ხან ძარცვა, ხან ჩხუბი.
ლიმარმა არაფერი უპასუხა, გამოხედვით კი მიანიშნა, რა ჩემი ბრალია დღისით-მზისით რომ არ კლავენ თავადებსო.
-კარგი, დამნაშავეებზე სასაუბროდ მთელი დღე გვაქვს წინ, თემა შევცვალოთ. - თქვა გუგამ, მაგრამ თემის შეცვლის მაგივრად სიჩუმე ჩამოწვა. ლიმარი ხმას იშვიათად იღებდა, მხოლოდ მაშინ, როცა მიმართავდი ან თუ რაიმე მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
გუგამ ტაფამწვარი და ერთი ჭიქა წითელი ღვინო შეუკვეთა, ჩვეულებისამებრ. ჩუმად შეექცეოდნენ საუზმეს. ბოლოს, გუგამ ღვინო ერთი მოყუდებით დალია. ყოველ დილას შეძლებისდაგვარად ასე იწყებდა. ღვინო გამოფხიზლებაში ეხმარებოდა.
ალბათ ერთადერთი კაცი ვარ ჰენოხში, ღვინოს გამოსაფხიზლებლად ვინც სვამს.
-წავედით აბა, გუმანი თუ არ მღალატობს, გრონი გველოდება.

** ** **

-გრონი გელოდებათ თავის ოთახში. - შესვლა არ აცალეს განყოფილებაში გუგასა და ლიმარს.
გრონი მარტო არ იყო. მის ოთახში საშუალო სიმაღლის, ჭაღარა, გრძელწვერიანი კაცი იჯდა. ასაკს მხოლოდ ჭაღარასა და თვალებზე თუ შეატყობდით. გრძელი წვერი და ჩაცმულობა, კერძოდ კი თეთრი მოსასხამი, მკედრზე ოქროსფრად ამოქარგული ბორჯღალით, მის ვინაობას აშკარას ხდიდა. ბორჯღალი მთელ ჰენოხში გავრცელებული სიმბოლო იყო, მაგრამ ოქროსფერის გამოსახვა ჩაცმულობაზე მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის იყო ნებადართული.
-მწიგნობართუხუცესო. - თავი დახარეს ლიმარმა და გუგამ.
მწიგნობართუხუცესი ლეონ შერვაშელი წამოდგა.
-გამომძიებელი გუგა, არა? ბევრი მსმენია თქვენზე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, რასაც გაცნობის ვითარებაზე ვერ ვიტყვით. თქვენი კი ლიმარი ბრძანდებით, გუგას თანაშემწე, ხომ ასეა?
-დიახ, მწიგნობართუხუცესო.
-მანდატურთუხუცესმა სამწუხარო ამბავი შემატყობინა. ჩემი ძმისშვილი, მისი აღმატებულესობის ბიძაშვილი, სასტიკად ნაწამები იპოვეს. გრონი მომიყვა გასული ღამის ამბავს, მაგრამ იქნებ თქვენ დაამატებდით რამეს, იქნებ რაიმეს მიხვდით მას მერე.
-მხოლოდ იმას, რომ რომელიმე დიდებულის ნახელავია.
ლეონს გუგას ნათქვამი არ გაჰკვირვებია, ანდა გაკვირვება კარგად დამალა. ეტყობა ახალი არაფერი მითქვამს.
-წესით ახლა უნდა გთხოვოთ რომ დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად იპოვოთ, მაგრამ ვგონებ ისედაც მალე იჩენენ თავს, ხომ ასეა?
-სავრაუდოდ, მწიგნობართუხუცესო, დანაშაული ისე იყო ჩადენილი რომ აშკარად უნდოდათ, სხეული რომ გვეპოვა.
ლეონმა ოდნავი თავის დაკვრით ანიშნა ოთახში მყოფებს, სულ ეს არისო, მადლობა გადაუხადა სამივეს გაწეული სამსახურისთვის და გასასვლელისკენ წავიდა.
-მგონი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაგვერხა,- ხმა ამოიღო გრონმა, ლეონი რომ გაისტუმრეს,- ვიღაცა ომს უცხადებს ხელისუფლებას, ჩვენ კი არც ვიცით, ვინ. ვიღაც საკმარისად გავლენიანი, მეფის ნათესავს დღეების განმავლობაში რომ აწამებდეს შეუმჩნევლად. ჰენოხი დაშლის პირასაა, აია უეჭველი შურის ძიებაზე ფიქრობს, იმ ომისთვის, ჩვენმა ყოფილმა მეფემ რომ წამოიწყო 7 წლის წინ და რომ შეეწირა კიდეც. ვიცოდეთ მაინც, ვინაა ჩვენი მკვლელობის უკან...
იქნებ...
-უფროსო, ის ყელსაბამი შემიძლია ვნახო?
-რა თქმა უნდა, თან მაქვს. ლეონმა მოგვცა უფლება ცოტა ხნით დაგვეტოვებინა, იქნებ გამოძიებას დასჭირდესო.
ოქროს ჯაჭვი. ხახადაფჩენილი ლომი. ისეთივე, როგორც სამეფო გერბი, ოღონდ იასამნისფერი ფაფარი და წითელი ფონი, და არა პირიქით.
-თავადური მედალიონია, გრონ, უნდა იხსნებოდეს.
-თავადები ამბობენ, რომ იხსნებაო, მაგრამ თუ ეგ მართლა მასეა, კარგად ინახავენ მისი გახსნის საშუალებას. ეგ მხოლოდ თავადებმა იციან.
-ზეხსენებულ ომში ტყვია რომ დავიჭირე კოჭით და ზუაში რომ გამომაბრუნეს, ერთმა დიდებულმა გამატანა თავისი მედალიონი, მისი შვილისთვის რომ გადამეცა. გახსნაც მასწავლა, მაგრამ დამაფიცა, რომ მისი შვილის გარდა არავის ვასწავლიდი. არ ვიცი, სხვა მედალიონებიც იგივენაირად იხსნება თუ არა, მაგრამ ვცადოთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს.
არც თუ ისე მცირე წვალების შედეგად, მედალიონი გაიხსნა. მასში ქაღალდის ნაჭერი იყო ჩატენილი, რომელზეც ეწერა:
„მწც-ისთვის: სარდური“
-აი, რატომ ვსვამ ღვინოს დილაობით. სარდური მეფის ბიძაშვილი არაა?
ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით, ოთახში ბუზი რომ ყოფილიყო. სარდური მეფისადმი ცივ დამოკიდებულებას არ მალავდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აიასთან ომმა მამამის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ცივ დამოკიდებულებასა და თავადების წამებას შორის დიდი განსხვავებაა.
-ლიმარ, მწიგნობართუხუცესს დაეწიე და ეს ქაღალდი გადაეცი. - ბრძანა გრონმა მცირედი ყოყმანის შემდეგ. ლიმარმაც არ დააყოვნა.
აი თურმე როგორ იწყება ომები. ქაღალდის პატარა ნაგლეჯებით. ა, ჰო, და ნაწამები თავადებით, კინაღამ დამავიწყდა.




No comments:

Post a Comment