Tuesday, December 22, 2015

თავი 2 (ანისია)

ანისიამ დილეგში გაიღვიძა. ნაცნობი რხევა იგრძნო და ოდნავ დამშვიდდა. რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა გაეხსენებინა, აქ საიდან აღმოჩნდა.

თედორე.

** ** **

"შანთი" პარაფოსისა და აპარაფოსის კუნძულებს შორის პატრულირებდა, როცა კლდეზე მილეწილი ბარკენტინა შენიშნეს, ეონიის დროშის ქვეშ. შორიდან როგორც დაინახეს, ხომალდი რამდენიმე საათს თუ გასტანდა წყალს ზევით. კაპიტანმაც არ დააყოვნა და ნავიგატორს ბრძანება გასძახა:

-გეზი შეცვალე, ბრიგანტინას უნდა მივუახლოვდეთ!



რა თქმა უნდა, გასაჭირში მყოფ მეზღვაურებს, თუნდაც სხვა ეროვნებისას, ასე უბრალოდ ვერ გაიმეტებდნენ, კაპერები მეკობრეები ხომ არ იყვნენ. თან, შესაძლოა ნახევრადჩაძირული ხომალდიდან სახელგალთქმული ეონური აბრეშუმის გადარჩენაც მოესწროთ და საკუთარი ჯიბეებიც გაესქელებინათ, კაპერები სამხედრო ფლოტის წევრები ხომ არ იყვნენ. თუმცა, სამხედრო ფლოტშიც არ იტყოდნენ უარს უფასო აბრეშუმზე.

-კაპიტანო,- მიმართა ანისიამ მამამისს,- დიდი შესაძლებლობა, მახე იყოს. ბარკენტინას თუ მივუახლოვდით, კლდეების წყალობით ადვილი იქნება, სულ ორმა-სამმახომალდმა რომ ალყაში მოგვაქციოს და გაქცევის საშუალება არ დაგვიტოვოს. იქნებ ჯობია, უბრალოდ ყურადღება არ მივაქციოთ ამ ბარკენტინას?

ანისიამ ანდრეას თვალებში ჩახედა. ქალი ჰგავდა მამამისს. თმის ფერი მისი ჰქონდა - ღია წაბლისფერი, მწველი მზის ქვეშ თითქოს-და მოწითალო ელფერს რომ იღებდა. ის, რომ ანისიას და მამამისისს თითქმის ერთნაირი სიგრძის თმა ჰქონდათ - ძალიან მოკლედ შეჭრილი - მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებდა. სახის მოყვანილობაც მამამისისას იმეორებდა - ორივეს მცირედ გვერდზე წაწვენილი ცხვირი ჰქონდა, მზისგან აქერცლილი. არც დგომის მანერით განსხვავდებოდნენ - კაპიტანსაც და პირველ თანაშემწესაც ეტყობოდათ, გემზე დისციპლინას და მორჩილებას რომ იყვნენ მიჩვეულნი. ერთადერთი თვალშისაცემი სხვაობა მათ შორის თვალის ფერი იყო. ანდრეას ღია ფერის თვალები ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო, რომელთათვის დროთა სვლას ვერ ჩაეხშო ახალგაზრდული ჟინი, მიუხედავად იმისა, რომ მათი პატრონი ორმოცდაათ წელს გასცდენოდა. ანისიას კი მუქი თვალები ჰქონდა, თითქმის შავი. ანდრეს თქმით, დედამისისგან გამოჰყვა.

-მახეში თავის გაყოფის საშიშროება კეპერთათვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. კი, უფრო უსაფრთხოა, გავერიდოთ. მაგრამ პროვიზია გვითავდება. მასთან ერთად ფულიც. მშვიდობის დროს თავისუფლად ვერ ითარეშებ. ასე თუ გაგრძელდა, მალე მეზღვაურობაზე ხელის აღება მოგვიწევს,- ამის თქმისას კაპიტანი შესამჩნევად შეიშმუშნა,- ასე რომ, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებთ.

ანისიამ ოდნავ დაუკრა თავი, გასაგებიაო. "კაპიტანო" წარმოთქვა და ქიმისკენ გაემართა. როცა საქმე არ ჰქონდა, აქ ყოფნა მოსწონდა. უყვარდა იმის ყურება, თუ როგორ მიაპობდა ხომალდი ზღვას.

"შანთი" საკმაოდ სწრაფმავალი ხომალდი იყო, კაპერები ასეთებს ანიჭებდნენ უპირატესობას, და ბარკენტინას მალევე მიუახლოვდნენ. სამწუხაროდ, ანისიას შიშები მალევე გამართლდნენ - გემს უახლოვდებოდნენ, მეზღვაურები კი არ ჩანდნენ. ეს ანდრეას არ გამოჰპარვია, დაუყოვნებლივ გასცა უკან გაბრუნების ბრძანება, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.

"შანთი" სამხრეთიდან ჩრდილიეთით იყო მიმართული. ნახევრადჩაძირული ბარკენტინა მისგან აღმოსავლეთით, ანუ მარჯვნივ იყო, უზარმაზარი კლდის გასწვრივ, რომელიც ამ მიმართულებას მთლიანად საზღვრავდა. კიდევ ორი დიდი კლდე ზღუდავდა თავისუფალ გადაადგილებას, ჩრდილოეთ-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, რაც სამ გასასვლელს ტოვებდა: ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით.

ბარკენტინიდან ვიღაცამ სასიგნალო მაშხალა გაისროლა და მალევე გამოჩნდა თითო ხომალდი სამივე გასასვლელიდან.

-ბიჭებო,- დაიყვირა კაპიტანმა,- ვხედავ, როგორც იქნა მოახერხა სიკვდილმა და დაგვეწია,- მეზღვაურებმა ცალყბად გაიღიმეს, აქ სიკვდილი არავის აშინებდა,- მაგრამ მე არ ვიყო ზღვის ეშმაკად წოდებული ანდრეა, აი ის ნაბიჭვარი თუ თან არ გავიყოლო!- კაპიტანმა ხელი დასავლეთიდან გამოჩენილი ხომალდისკენ გაიშვირა,- იცით, ეგ ვინ არის? რა თქმა უნდა იცით. თედორე. ჰენოხის კაპერებს შორის ლეგენდად ქცეული კაცი, რომელმაც კუნძული მილა ოციოდე კაცით დაიპყრო. რომელმაც უთვალავი აიური ხომალდი ოკეანეს ფსკერს მიაჯაჭვა. რომელმაც... ეს ნაიარევი დამიტოვა,- კაპიტანმა ხელი მარჯვენა ლოყაზე მიიდო, რომელზეც თეთრ ზოლად გასდევდა ნაიარევი, თუმცაღა ანისიამ იცოდა, სინამდვილეში რაზე ფიქრობდა მაგ დროს მამამისი,- რას იტყვით, ჩემო ძმებო? ვიძიოთ შური ჩვენი ძმებისთვის? თუ იქნებ დავნებდეთ?

მეზღვაურთა შეძახილი მათ პასუხს აშკარას ხდიდა. კაპიტანს გაეღიმა. აშკარად ეტყობოდა, რამდენად ამაყობდა თავისი ქვეშევრდომებით.

-იოგელს, გეზი თედორისკენ აიღე,- გასძახა ანისიამ ნავიგატორს.

-უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად ავიღოთ აბორდაჟზე. ქვემეხები მეტი აქვთ, გაგვანადგურებენ,- თქვა კაპიტანმა.

"შანთი" მსუბუქი ფრეგატი იყო, 34 ქვემეხით, თედორის ხომალდი კი 48 ქვემეხს ითვლიდა.

"შანთი" სწრაფად უახლოვდებოდა მოწინააღმდეგეს. პირდაპირ აბორდაჟზე აღებას, რა თქმა უნდა ვერ შეძლებდნენ. თედორეს ხომალდმა ოდნავ მარცხნივ აიღო გეზი. ანდრეაც შესაბამისად მოიქცა და მარჯვნისაკენ გადახარა გემი. მალე გემბანები ერთმანეთს გაუსწორდნენ და ორივე კაპიტანმა თითქმის ერთდროულად წარმოთქვა ერთი საბედისწერო სიტყვა.

-ცეცხლი!
და დაიჭექა ერთმა ხომალდმა.
-ცეცხლი!
და დაიჭექა მეორემ.

შემდეგ ანისიას თვალთ დაუბნელდა. რომ გაიღვიძა, ორ კაცს ეკავა ხელებით, მესამე სახეში მისჩერებოდა.

-აჰ, ვხედავ, დაგვდეთ შემოერთების პატივი. ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. თედორე ზანკელი გახლავართ, მისი აღმატებულესობის, მეფეთ მეფე ელვერდის მორჩილი მსახური,- უცნობმა ისე დაუკრა თავი, თითქოს დიდებულების სუნამოების სურნელით გაჟღენთილ მეჯლისზე იყოს და ბანოვანი გაიცნო, თან მშვენიერი აიურით საუბრობდა, ოდნავ თუ შეამჩნევდით ჰენოხურ აქცენტს,- ძალიან დამწუხრებული ვიქნებოდი, მამათქვენის ცხოვრების უკანასკნელი წუთის დროს უგონოდ რომ ყოფილიყავით,- თედორემ გულ-მკერდის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ანისიას სახიდან სისხლი მოწმინდა, თან შემზარავად იღიმებოდა,- ხის ნაფოტი მოგხვედრიათ... პირობას გაძლევთ, მთავარ მეზარბაზნეს სასტიკად დავსჯი ასეთი დაუდევრობისთვის. ფრიან არასასიამოვნო იქნებოდა, თქვენთან შეხვედრის საშუალება ქვემეხის უიღბლო გასროლას რომ წაერთმია ჩემთვის. მაგრამ მოდით უარყოფითზე ნუ ვიფიქრებთ. თქვენი ხომალდი ჩვენს ხელშია, მაგრამ ნუ დარდობთ, მეზღვაურთა უმრავლესობა ცოცხალია, თუმცაღა ტყვეობაში. აი მამათქვენი კი...

თედორე გამოიწია და ანისიამ მამამისი დაინახა. ანძაზე იყო მიყუდებული, მუცელში იყო დაჭრილი, სისხლით იცლებოდა. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ნახევრად შეშლილ თედორეს თუ არ შეაფურთხებდა, შეაგინებდა მაინც, პირი ახვეული რომ არ ჰქონოდა. ახლა სხვა გზა არ ჰქონდა, ვიდრე თვალებგაფართოებულს ეყურებინა, როგორ კვდებოდა მამამისი და ამაოდ ეცადა, ხელიდან დასხლდენოდა დამკავებლებს.

-გმირულად იბრძოდა,- ახლა უკვე ზურგით იდგა თედორე,- როცა აშკარა გახდა, აბორდაჟისას რომ დამარცხდებოდა, ერთი-ერთზე ბრძოლაში გამომიწვია. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ყოველდღე ხომ არ გხვდება პატივი, ზღვის ეშმაკს შეერკინო ერთი ერთზე. თუმცაღა, მე უკვე მეორედ შემხვდა. პირველად ოციოდე წლის წინ იყო, მაშინ ძლივს მოვახერხე ცოცხლად გადარჩენა, მაგრამ ნაიარევი კი დავუტოვე სახეზე, რითიც დიდხანს ვტრაბახობდი. ახალბედა ვიყავი, ჩვიდმეტის თუ ვიქნებოდი. ამჯერად ასაკმა შეასუსტა ჩემი მეტოქე, რისი წყალობითაც ახლა მე ვდგავარ ფეხზე, მისი ხალხი დაჩოქებულია, თვითონ კი, ნახევრად მწოლიარე, სულს ღაფავს ანძის ქვეშ.

თედორე შემოტრიალდა. წამის წინ ანისიას ეს შეუძლებლად მოეჩვენებოდა, მაგრამ მისი ღიმილი ბევრად უფრო შემზარავი გახდა.

-დილეგში ჩასვით. ჰარჰოდს ოციოდე კაცი გამოუყავით, ეს ხომალდი და ტყვეები აიაში წაიყვანოს.

ვიღაცამ თავში კონდახი ჩაარტყა და ანისიას შვებისმომგვრელი წყვდიადი შეეგება.

No comments:

Post a Comment